რჩევა უკრაინას, რომელიც საქართველოსაც გამოადგება
ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ზბიგნევ ბჟეზინსკი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, „Financial Times“-ის 2014 წლის 24 თებერვლის სტატიაში უკრაინას „ფინურ ვარიანტს“ სთავაზობს. პოლიტიკოსი თავის წინადადებას იმით ასაბუთებს, რომ ეს უკრაინაში სრული ქაოსის თავიდან აცილებას დაეხმარება. ეს თავიდან აარიდებს ქვეყანას ესკალაციასა და ძალადობას, აღკვეთს მეზობელ ქვეყანაში რუსეთის პირდაპირ შეჭრას და, საბოლოო ჯამში, სიტუაციის ხანგრძლივ სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. რას ნიშნავს პოლიტიკა, რომელსაც ფინეთი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ატარებს და რა არის მისი არსი? მოკლედ რომ ვთქვათ — ეს არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, რომლებიც ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული, ფართო ეკონომიკური კავშირები რუსეთსა და ევროკავშირთან და ნებისმიერ სამხედრო ალიანსთან მიუერთებლობა.
ამ კურსს საფუძველი ჩაუყარა ფინელმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, ფინეთის პრეზიდენტმა იუჰო კუსტი პაასიკივიმ, რომელიც ქვეყანას 1946-დან 1954 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი პოლიტიკის საფუძველი მიმართული იყო საბჭოთა კავშირთან მეგობრული ურთიერთობებისკენ, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ფინეთის ამ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის პოლიტიკური დევიზი იყო ის, რომ რეალური ფაქტების გაცნობიერება ნებისმიერი პოლიტიკის საფუძველია. იუჰო კუსტი პაასიკივისთან ერთად, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, რომელიც ფინეთის ახალ საგარეო პოლიტიკურ კურსს ახორციელებდა, იყო ურჰო კალევა კეკონენი, რომელსაც 1950-დან 1956 წლამდე ფინეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 1956 წლიდან კეკონენმა პაასიკივი პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა. თითქმის 26 წლის განმავლობაში ფინეთის ხელმძღვანელობისას, კეკონენმა განამტკიცა დაწყებული ხაზი ფინეთის ნეიტრალიტეტისა და ფინეთსა და სსრკ-ს შორის ურთიერთხელსაყრელი, კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებისკენ. ეს ხაზი გააგრძელა ქვეყნის ხელმძღვანელთა ახალმა თაობამ, როგორებიც იყვნენ კოივისტო, მარტი აჰტისაარი და ტარია ჰალონენი. როგორც ფინეთის უახლესი ისტორიის არჩევნების შედეგები აჩვენებს, პაასიკივი-კეკონენის ხაზმა ფინეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა ჰპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხდებოდა და ხდება ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ 1917 წელს სრულად გათავისუფლდა რუსეთის იმპერიის მარწუხებისგან და გადაიტანა მძიმე ომი სსრკ-სთან.
სამწუხაროდ, პოლიტოლოგთა ნაწილი ტერმინ „ფინლანდიზაციას“ ნეგატიურ ჭრილში აღიქვამდა, ხოლო ის ფაქტი, რომ ამ ტერმინს პოზიტიურ კონტექსტში იყენებს საგარეო პოლიტიკის სფეროში უმსხვილესი ამერიკელი ექსპერტი ზბიგნევ ბჟეზინსკი, მოწმობს პაასიკივი-კეკონენის ხაზის მოთხოვნადობაზე თანამედროვე მსოფლიო წესრიგის სტაბილიზაციის საქმეში. ბჟეზინსკის აზრთან ყველაზე ახლოს დგას ავსტრიის პრეზიდენტის, ჰაინც ფიშერის პოზიცია, რომელიც აცხადებდა, რომ უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გახდეს. ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, ავსტრია: „უკრაინას საუკუნოვანი კავშირები აქვს რუსეთთან, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ არის გამოხატული ქვეყნის აღმოსავლეთით, მაშინ როდესაც დასავლური ნაწილი უფრო მეტად მიისწრაფვის ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოებისა და ევროპული საზოგადოებრივი მოდელის მშენებლობისკენ. უკრაინულ საზოგადოებაში კონსენსუსი მხოლოდ ერთი გზის თავსმოხვევის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა“, — განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა (02/05/2014).
მსოფლიოს ამ გავლენიანი პოლიტიკოსების რეკომენდაციებს საქართველომაც უნდა დაუგდოს ყური. დღეს ქართული საზოგადოება გეოპოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით დასავლური მიმართულებით მოძრაობს, რაც აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება „ფინლანდიზაციის“ კურსს. თუმცა, საქართველოს უბლოკო სტატუსს ქართული საზოგადოების სულაც არცთუ ბევრი წარმომადგენელი ეთანხმება. კომპრომისებისა და დათმობების ფასად, საქართველო შეიძლება გადავიდეს დღეს დომინანტური თეზისიდან „რუსეთი და დასავლეთი“ თეზისზე „რუსეთიც და დასავლეთიც“. თუმცა, ამჟამად ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება მოვლენები უკრაინაში. მთავარია, უკრაინამაც და საქართველომაც მიაღწიონ მშვიდობასა და სტაბილურობას თავიანთი ხალხებისთვის ყველა შესაძლო საშუალებით, რაც არ ეწინააღმდეგება ორივე სახელმწიფოს ძირეულ ინტერესებს.
ავტორი: ბადრი ნაჭყებია
Made on
Tilda